შინაარსზე გადასვლა

ლელო (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლელო (მრავალმნიშვნელოვანი).
ლელო

პირველი ქართული სპორტული გაზეთი
ტიპი: სპორტული გაზეთი
ფორმატი: გამოიცემა ყოველდღე, გარდა შაბათ-კვირისა
მფლობელ(ებ)ი: მულტიმედია ჰოლდინგი „პალიტრა მედია“
გამომცემელი: შპს „გამომცემლობა ლელო“
მთავარი რედაქტორ(ებ)ი: პაატა გელაშვილი
ფოტო რედაქტორი: ვაჟა სიმონიშვილი
დაარსდა: 13 აპრილი, 1934; 90 წლის წინ (1934-04-13)
ენა: ქართული
ISSN: 2233-3827
საიტი: Lelo.ge

„ლელო“ქართული სპორტული გაზეთი. პირველი ნომერი 1934 წლის 13 აპრილს გამოვიდა თბილისში „საქართველოს ფიზკულტურელის“ სახელწოდებით.[1][კომ. 1]

1936 წლიდან გაზეთს დაერქვა „ფიზკულტურელი“, რომლის ბოლო ნომერი 1939 წლის 28 თებერვალს დაიბეჭდა. „ლელომდე“ სულ 362 ნომერი გამოვიდა. 1949 წლის 10 ივლისს დაისტამბა „ლელოს“ პირველი ნომერი. თავდაპირველად გამოდიოდა კვირაში სამჯერ, 1960 წლიდან კი ყოველდღიურად გამოიცემოდა. ამჟამად „ლელო“ გამოიცემა ყოველდღე, გარდა შაბათ-კვირისა. 2008 წლიდან მულტიმედია ჰოლდინგ „პალიტრა მედიის“ წევრია.[2][კომ. 2]

„Физкультурник Закавказья“-ს რედაქციამ 1934 წლის 13 აპრილს სამზეოზე გამოსვლა მიულოცა გაზეთ „საქართველოს ფიზკულტურელს“, რომლის ერთადერთი ნომერია ჯერჯერობით ცნობილი სპეციალისტებისთვის და ისიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად მიაჩნდათ.

1935 წლის დღემდე შემორჩენილი „საქართველოს ფიზკულტურელის“ № 3–4 გაერთიანებული ნომრები დათარიღებულია 29 იანვრით (სამშაბათი, 4.000 ცალი, გაზეთის რედაქტორია ა. მურაჩაშვილი). წელი ამ ეგზემპლარსაც არ აწერია, მაგრამ პირველი გვერდის მარჯვენა ორ სვეტში გამოქვეყნებულია ვალერიან კუიბიშევის დიდი სურათი და ცნობა 1935 წლის 25 იანვარს მისი გარდაცვალების შესახებ. საყურადღებოა, რომ გაზეთის მესამე-მეოთხე ნომრების გვერდით ფრჩხილებში მითითებულია „საქართველოს ფიზკულტურელის“ საერთო ნუმერაცია — 31, გაზეთის პირველი ნომრიდან დაწყებული.

იმის გათვალისწინებით, რომ გამოცემა ექვსდღიურ ორგანოს წარმოადგენდა, იანვარში, ცხადია, გაზეთის 31 ნომერი ვერაფრით გამოვიდოდა. ამასთან, მინიშნებულია 1935 წლის ნომრები — 3–4. შესაბამისად, არსებული მონაცემებით 1934 წელს 27 ნომერი (31–4) დაბეჭდილა. ამ დროისთვის, იმ ერთადერთი ცალის გარდა, სხვა ნომრების მიკვლევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

„საქართველოს ფიზკულტურელის“ ტირაჟი სხვადასხვა ნომერში 1500-დან 5000-მდე მერყეობს. გამოქვეყნებული მასალებიდან ხშირად გვხვდება მეთოდური წერილები. ასევე, სტატიები სპორტის ეროვნულ სახეობებზე. მაგალითად, 17 აგვისტოს 23-ე ნომრის პირველი გვერდი ქართულ ჭიდაობაზე ს. იორამაშვილის წერილს ეთმობა, მე-4 გვერდზე კი რუსულ-ქართულად კალათბურთის ტერმინებია დაბეჭდილი.[3][კომ. 3]

1935 წლის 7 ნოემბრიდან (№ 31) „საქართველოს ფიზკულტურელის“ პასუხისმგებელი რედაქტორია შ. ტაბატაძე.

1936 წლის მე-6 (72-ე) და მე-7 (73) ნომრებში გაზეთის ლოგოები დაიბეჭდა შეცვლილი დიზაინით. ამავე წლის 24 მარტის მე-14 (80) ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნებულია საქართველოს საქართველოს ცაკ-თან არსებული საქართველოს ფიზკულტურის უმაღლესი საბჭოს დადგენილება, რომ „გაზეთი „საქართველოს ფიზკულტურელი“ ვერ აკმაყოფილებს ფიზკულტურული მასების გაზრდილ მოთხოვნილებებს, იგი თავს ვერ ართმევს მის წინაშე დასმულ ამოცანებს... გაფორმების, ისე თემატიკის მხრივ ჩამოჩება ფიზკულტურული ორგანიზაციების ცხოვრებას. პრეზიდიუმის დადგენილებით, გაზეთის პასუხისმგებელ რედაქტორად დაინიშნა საქართველოს ფიზკულტურის უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი ვ. დევაძე.“

1936 წლის 30 მაისიდან (შაბათი) გაზეთს სახელი შეეცვალა და ეწოდა „ფიზკულტურელი“, მაგრამ საერთო ნუმერაცია შეუნარჩუნდა — № 25 (91), როგორც „საქართველოს ფიზკულტურელის“ სამართალმემკვიდრეს. გაზეთი ამ სახელწოდებით გამოდიოდა დახურვამდე. ბოლო ნომერი კი № 20 (362) — 1939 წლის 28 თებერვალს გამოვიდა. ამ ხნის განმავლობაში გაზეთს კიდევ ერთხელ შეეცვალა თავკაცი — 73-ე (295) ნომრიდან (1938 წლის 10 აგვისტოდან) დახურვამდე „ფიზკულტურელის“ რედაქტორი იყო ალ. გირკელიძე.

საგულისხმოა რამდენიმე ფაქტი: 1936 წლის 30 ნოემბერს — № 55 (121) „საქართველოს ფიზკულტურელი“ გამოვიდა ექვსგვერდიანი და იგი დაეთმო სტალინის მოხსენებას საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის პროექტის შესახებ.[3]

1937 წლის 17 თებერვლის მე-13 (138) ნომერში, ასევე, ექვს გვერდზე, უკვე საქართველოს სსრ კონსტიტუცია დაიბეჭდა, ხოლო ამავე წლის 31 დეკემბრის 99-ე (222) ნომრის ოთხივე გვერდი შოთა რუსთაველის 750-ე წლისთავს მიეძღვნა.[3]

1949 წლის 10 ივლისიდან ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში იწყება „ლელოს“ ეპოქა, რომელიც მისი პირველი რედაქტორის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტისა და საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის — მიხეილ კაკაბაძის სახელს უკავშირდება.[4][5] პირველი ნომრის (საქართელოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზკულტურისა და სპორტის საქმეთა კომიტეტისა და პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს ორგანო) მეწინავეში ვკითხულობთ: „დღეიდან საქართველოს ფიზკულტურელთა და სპორტსმენთა მრავალათასიან არმიას ექნება თავისი ბეჭდვითი ორგანო, გამოდის გაზეთი „ლელო“. ლელო გავიტანეო, — ამბობს ქართველი კაცი. ლელო ხომ გამარჯვებას ნიშნავს, ახალ მიღწევას, ახალ ნაბიჯს, გადადგმულს მიზნისაკენ“.[6]

გაზეთის პირველი ნომრის გამოსვლას რამდენიმე პიროვნება მიესალმა, მათ შორის — თსუ-ს რექტორი, ნიკო კეცხოველი: „დიდი ხანია, ველოდით სასპორტო გაზეთს და აი, დღეს გაზაფხულის მერცხალივით „ლელო“ გვეწვია. სახელწოდება კარგია, წამოწყება კი უკეთესი“.[7]

გაზეთმა მალევე მოიპოვა მკითხველის სიყვარული. ათწლეულების განმავლობაში „ლელო“ ქართული სპორტის ქომაგებისთვის უმნიშვნელოვანეს სპორტულ გამოცემას წარმოადგენდა. იყო პერიოდი, როცა გაზეთის ტირაჟმა 700 ათასს მიაღწია, მაგრამ ყველა მსურველს მაინც ვერ აკმაყოფილებდა.[3]

ქართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში გაზეთმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა. 1964 წელს „ლელოში“ ჩამოყალიბდა „საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაცია“. 1992 წელს მისი სამართალმემკვიდრე გახდა „სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია“, რომელიც საუკეთესო სპორტსმენების გამოსავლენად ყოველწლიურად რეფერენდუმს ატარებს.[3]

1989 წელს „ლელოს“ ბაზაზე დაარსდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.[3]

2008 წელს „ლელო“ მულტიმედია ჰოლდინგ „პალიტრა მედიის“ წევრი გახდა. გაზეთი კვირაში ხუთჯერ გამოიცემა. მასალები 12 გვერდზე ნაწილდება, საიდანაც ოთხი გვერდი ფერადია, დანარჩენი — შავ-თეთრი. სამი წლის განმავლობაში გამოდიოდა გაზეთის ყოველკვირეული დანამატი — ჟურნალი „ლელო week“ (რედაქტორი პ. გელაშვილი), ამჟამად „ლელოს“ მასალების ელექტრონული ვერსია საიტზე — Lelo.ge-ზე თავსდება.[3]

2021 წლის 9 სექტემბერს გამოვიდა გაზეთის მე-16 000 ნომერი.[8]

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ლელოს“ პრიზზე ტარდებოდა საერთაშორისო და რესპუბლიკური სპორტული შეჯიბრებები.[9][10][11][12][13][14][15]

1959 წელს „ლელოს“ ბაზაზე შეიქმნა „საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაცია“, რომლის სამართალმემკვიდრე გახდა „საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია“ 1992 წლიდან.[9]

1989 წლის გაზაფხულიდან, „ლელოს“ რედაქცია სათავეში ჩაუდგა საქართველოში დამოუკიდებელი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ-ი) შექმნას, რაც წარმატებით დასრულდა იმავე წლის 6 ოქტომბერს. ახალშექმნილი სეოკ-ი პირველი წელიწადნახევარი „ლელოს“ რედაქციაში მუშაობდა.[9]

გასული ასწლეულის ბოლოს ჩატარებული რეფერენდუმით „ლელო“ XX საუკუნის სპორტულ გაზეთად, როდიონ (ბიჭიკო) ქორქია კი საფეხბურთო თემაზე მწერალ საუკეთესო ჟურნალისტად აღიარეს.[9]

„ლელოს“ მთავარი რედაქტორები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გაზ. „ლელო“, 16 იანვარი, 1979
წლები მთავარი რედაქტორი
1934–1949 სარედაქციო კოლეგია []
1949–1952 მიხეილ კაკაბაძე
1952–1953 ერემო მახათაძე
1953–1964 ირაკლი უგულავა
1964–1976 მიხეილ კაკაბაძე
1976–1983 ანზორ ბასილაია
1984–1985 არჩილ გოგელია
1985–2015 თენგიზ გაჩეჩილაძე
2015–2021 გია თვალაბეიშვილი
  1. 1934–1949 წლებში გაზეთს ხელმძღვანელობდა სარედაქციო კოლეგია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ელექტრონული ვერსიები
1940–1949 · 1950–1959 · 1960–1969 · 1970–1979 · 1980–1989 · 1990–1999 · 2000–2022
  1. ზუსტად 77 წლის წინ, 13 აპრილს პოპულარული სპორტული გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა.
  2. „პალიტრამედიის“ ყოველდღიური გაზეთი „ლელო“ იუბილარია. ზუსტად 78 წლის წინ, 13 აპრილს პოპულარული სპორტული გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა. გაზეთის მთავარი რედაქტორის, თენგიზ გაჩეჩილაძის ინფორმაციით, სპორტული გაზეთი 1934 წელს „საქართველოს ფიზკულტურელის“ სახელწოდებით გამოვიდა. „საქართველოს ფიზკულტურელი“ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიხურა, თუმცა შემდეგ გაზეთის აღდგენის იდეა გაჩნდა და 1949 წლიდან სპორტული გაზეთი შეცვლილი სახელით — „ლელო“ — გამოდის. გაზეთი თავიდან კვირაში ერთხელ გამოდიოდა, 1960 წლიდან ყოველდღიურად გამოიცემა. სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ: მიხეილ კაკაბაძე, ირაკლი უგულავა, არჩილ გოგელია, ანზორ ბასილაია და სხვები. 1985 წლიდან სპორტული გაზეთის რედაქტორია თენგიზ გაჩეჩილაძე. გაზეთი „ლელო“ „მედიაპალიტრის“ ჰოლდინგში 2008 წლიდან გაერთიანდა.
  3. 1936 წლიდან მას „ფიზკულტურელი“ ეწოდა, 1949 წლიდან კი „ლელოს“ სათაურით იბეჭდებოდა.
  1. გაზეთი „ლელო“ იუბილარია // „ინტერპრესნიუსი“
  2. გაზეთი „ლელო“ იუბილარია // InterPressNews.ge
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 არის თუ არა გაზეთი „ლელო“ „საქართველოს ფიზკულტურელის“ სამართალმემკვიდრე?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-16. ციტირების თარიღი: 2022-03-16.
  4. დანელია, ვაჟა. ის რედაქტორი მიხეილ კაკაბაძე გახლდათ... // Lelo.ge
  5. გაჩეჩილაძე, თენგიზ. დიდი რედაქტორი: მიხეილ კაკაბაძე — 100 // Lelo.ge
  6. ჩვენი გაზეთი // „ლელო“, 10 ივლისი, 1949, № 1 (363), გვ. 1.
  7. კეცხოველი, ნ., „ლელო“ გვეწვია // „ლელო“, 10 ივლისი, 1949, № 1 (363), გვ. 1.
  8. ლელოს იუბილე და რეკორდი: 16 000! // Lelo.ge
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 რედაქციაში გრიფით საიდუმლო წერილი მოვიდა — რუსულად უნდა გამოვიდესო, მაგრამ... 13 აპრილს გაზეთი "ლელო" 87 წლის გახდა! // Lelo.ge
  10. მიქაბერიძე, ვ., „ლელოს“ პრიზზე. სასიხარულო მატება // „ლელო“, 30 დეკემბერი, 1970, № 254 (3993), გვ. 1.
  11. მიქაბერიძე, ვ., „ლელოს“ პრიზი — „კოლმეურნეს“ // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1970, № 255 (3994), გვ. 1.
  12. გელაშვილი, ო., „ლელოს“ პრიზზე // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1970, № 256 (4250), გვ. 4.
  13. „ლელოს“ პრიზი შორეულ ამურში მიემგზავრება... // „ლელო“, 16 სექტემბერი, 1982, № 179 (7240), გვ. 2.
  14. ზენკო, ა. სტარტზე — შვილთან ერთად. „ლელოს“ პრიზზე // „ლელო“, 28 სექტემბერი, 1983, № 186 (7497), გვ. 4.
  15. „ლელოს“ პრიზი — „განთიადს“ // „ლელო“, 23 ივნისი, 1981, № 119 (6930), გვ. 3.